​კრივი ოლიმპიურ თამაშების პროგრამაში რჩება, მაგრამ AIBA-ს გარეშე

22 მაისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კრივის შენარჩუნების რეკომენდაცია შეიმუშავა. IOC კრივის სამოყვარულო ასოციაციისთვის (AIBA) ორგანიზაციაში წევრობის შეჩერების წინადადებითაც გამოვიდა. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ასპარეზობები IOC-ის ეგიდით ჩატარდება 2020 წლის იანვარ-მაისში, ხოლო მოკრივეთა უახლოესი მსოფლიო ჩემპიონატები დაკარგავენ ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სტატუსს.

აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებებს განიხილავენ IOC-ის ლოზანის სესიაზე (24-26 ივნისი).

ოთხშაბათს IOC-ის აღმასრულებელ საბჭოზე ნენად ლალოვიჩის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის მოხსენება მოისმინეს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეკომენდაციები.

"გადაწყვეტილება სპორტსმენთა და უშუალოდ კრივის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. გვინდა, რომ სპორტსმენებმა საკუთარი ოცნებები აისრულონ და მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ასევე გვინდა, რომ AIBA- საკუთარი ქმედებებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხი აგოს. ამავდროულად, ჩვენ მათ სანქციებიდან თავის დაღწევის გზებსაც ვთავაზობთ, მაგრამ ამისთვის შემდგომი ძირეული ცვლილებებია გასატარებელი," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

შარშან, ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი  გახდა AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, მსაჯების მუშაობით, ფინანსური, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით.