ტოკიო-2020-ის ლატარეით ბილეთების შეძენის სურვილი 7.5 მილიონმა ადამიანმა გამოთქვა

31 მაისი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის ოლიმპიური ლატარეა დაასრულეს. ბილეთების მფლობელთა ვინაობა 20 ივნისს გაცხადდება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, საორგანიზაციო კომიტეტმა განცხადებების მიღების ვადა 12 საათით გაახანგრძლივა.

ლატარეით ბილეთების შეძენის სურვილი 7 508 868 ადამიანმა გამოთქვა, ბილეთების გაყიდვის ოფიციალურ გვერდს კი დაახლოებით 25 მილიონჯერ ეწვივნენ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია ონლაინ-სისტემით რამდენი ბილეთია შეკვეთილი.

საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები ლატარეის შედეგებით აღფრთოვანებულები არიან. მათი თქმით, ბილეთებზე დიდი მოთხოვნილება იაპონიის, თამაშებისა და მთლიანად სპორტისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ იაპონელებს ბილეთების შეძენა ცოცხალ რიგშიც შეეძლებათ. გაყიდვების დაწყება 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყება და, სადავარუდოდ, 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

იაპონიის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ ბილეთების შეძენა შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების ავტორიზებული შუამავლების მეშვეობით.