საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაიწყო

05 ივნისი 2019

ესპანეთის პონტევედრაში დაწყებულ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ათიდან ხუთ წონით კატეგორიაში მედალოსნები გამოვლინდნენ. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების წვერები.

მთავარი მწვრთნელის რევაზ ლაშხის ხელმძღვანელობით ქართველმა ფალავნებმა მედლების მოპოვების ხუთი შესაძლებლობიდან ოთხი გამოიყენეს. ყველაზე წარმატებული იყო ფრიდონ აბულაძე (55 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი ანვარ ალახიაროვი 7:6 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ლერი აბულაძეს (63 კგ), რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ აბდულა ტოპრაკთან 2:8 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ).