ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა

06 ივნისი 2019

პონტევედრაში (ესპანეთი) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს მონაგარი ორი ოქროს მედლით გაიზარდა.

დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ფინალამდე მიმავალ გზაზე ლიტველი, უკრაინელი და სომეხი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელი ასგარ ალიზადას 8:3 მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა გიორგი შოთაძეც (67 კგ), რომელმაც ესპანელი, ბელარუსი, მოლდაველი და ნორვეგიელი ფალავნები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ ჰაიკ მეილიქიანს 9:0 მოუგო.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა ფრიდონ აბულაძემ (55 კგ). ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა ლერი აბულაძე (63 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ).

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.