ქართველების ტრიუმფი მინსკში: 10 მედალი ერთ დღეში

22 ივნისი 2019

22 ივნისი ძალზე წარმატებული გამოდგა მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული ოლიმპიური გუნდისთვის: ძიუდოსა და სამბოში მოპოვებულია 10 მედალი - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ოქროს ანგარიში 60 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა გახსნა, რომელმაც გადამწყვეტი ბრძოლა ვაზარით მოუგო ესპანელ ფრანცისკო გარიგოს. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ამირან პაპინაშვილმა. ჩვენმა ძიუდოისტებმა  2 მედლის მოპოვება შეძლეს 66 კგ წონაშიც. აქ მესამე ადგილები დაიკავეს ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა.

უფრო შთამბეჭდავი გამოდგა ჩვენი სამბისტების მონაგარი: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ), მეორე ადგილები დაიკავეს მინდია ლილუაშვილმა (68 კგ), ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) და ელენე ქებაძემ (+80 კგ), მესამე იყო ბექა ბერულავა (82 კგ).

„ევროპული თამაშების სტარტზე ჩვენმა სპორტსმენებმა მართლაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენეს, -  აღნიშნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, - ორივე გუნდი კარგად არის მომზადებული, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. ერთ დღეში 10 მედლის მოპოვება სახუმარო საქმე არ არის. თანაც, წინა თამაშებთან შედარებით უკვე ერთი ოქროთი მეტი გვაქვს მოპოვებული, არადა, თამაშები ჯერ კიდევ წინა არის. მინდა წარმატება მივულოცო  თითოეულ ქართველ  მედალოსანს, რომლებმაც დღეს მართლაც ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ვულოცავ ასევე მწვრთნელებს, ფედერაციების ხელმძღვანელებს, სპორტის გულშემატკივარს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გავაგრძელებთ  და საქართველოში ღირსეულად დავბრუნდებით."