მინსკის ევროპულ თამაშების მეორე დღე: ქართველების 2 ოქრო და 4 ბრინჯაო

23 ივნისი 2019

მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების მეორე დღე ასევე წარმატებული გამოდგა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის. გუშინდელ 10 მედალს დღეს კიდევ 6 ჯილდო დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 დღის ჯამში მოპოვებულია ოქროს 5, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 8 მედალი. ამ მაჩვენებლით საქართველო მეოთხე გუნდურ ადგილზეა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ. 

განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა სამბისტებმა, რომლებმაც 11 მედლით დაასრულეს შეჯიბრება, ვაჟთა შორის კი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ ვაჟთა ნაკრების ცხრავე წევრმა შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა, რაც უნიკალური მაჩვენებელია. ამას დუმატეთ ნინო ოძელაშვილისა და ელენე ქებაძის მიერ გუშინ აღებული ვერცხლის მედლები. აი, ასეთი შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო სამბოს ფედერაციის (პრეზიდენტი - ავთანდილ ცინცაძე)  და სამწვრთნელო შტაბის (მთავარი მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი) გეგმაზომიერმა და პროფესიონალურმა მუშაობამ.

რაც შეეხება დღევანდელ მედალოსნებს, ჩემპიონები გახდნენ ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ). ლევანმა გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტულიანი რუსი მეტოქე სტანისლავ სკრიაბინი 5:1 დაჯაბნა, ბექა კი ფინალში მასპინძელთა გუნდის ლიდერს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს იური რიბაკს დაუპირისპირდა და ვადაზე ადრე - 8:0 დაამარცხა.  

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), გენადი ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).

ასევე ბრინჯოს ჯილდო ერგო ახალგაზრდა და უდაოდ პერერსპექტიულ ძიუდოისტს ლუკა მაისურაძეს (81 კგ). მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი ანტონიო ესპოზიტო იპონით დაამარცხა. სამწუხაროდ, პრიზოირთა შორის ვერ მოხვდა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), რომელსაც პირველივე შეხვედრაში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი.

მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ჩვენი მოკრივეები. დღეს გამარჯვებები მოიპოვეს სახილ ალახვერდოვმა (49 კგ), ლაშა გურულმა (64 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (91 კგ).