საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა

23 ივნისი 2019

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ფაენცას (იტალია) ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ექვსი მედლით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა გუგეშაშვილმა (48 კგ), დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) და დავით კოღუაშვილმა (80 კგ).

ჩემპიონატის დასკვნით დღეს ქართველმა ფალავნებმა 3 წონითი კატეგორიის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მათ შორის საუკეთესო აღმოჩნდა ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი მურად ჰაგვერდიევი 12:5 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ოქროს მედლებამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი გოგრიჭიანს (51 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ მიკიტა აბრამოვთან 6:16 დამარცხდა. ასევე ფინალი წააგო დავით კუჭუაშვილმა (71 კგ), რომელიც რუსეთის სახელით მოასპარეზე აბდულკერიმ აბდულაევთან 0:10 დამარცხდა.