მინსკში მორიგ მედლებს ხვალ ველით: მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ფინალშია, მოკრივე სახილ ალახვერდოვი - ნახევარფინალში

25 ივნისი 2019

მინსკის მეორე ევროპული თამაშების მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრების წევრებს მეტწილად საკვალიფიკაციო ასპარეზობებში გამოსვლამ მოუწიათ.  ჩვენი სპორტსსმენებისთვის სამედლო შეჯიბრება მხოლოდ ველოსპორტსა და ბატუტზე ხტომაში შედგა.

თენგიზ ბარბაქაძე  საგზატკეცილო  ველორბოლაში 37-ე ადგილზე გავიდა. ბატუტზე ხტომაში ერთი დღით ადრე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, ლუბა გოლოვინამ თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონულ ხტომებში ფინალში იასპარეზა. ჩვენმა დუეტმა 37.40 ქულით  მერვე ადგილი დაიკავა. ბატუტზე მხტომელ ვაჟთა ფინალში ვერ მოხვდა თენგიზ კოშკაძე, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო ხტომაში მაღალი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მეორე ცდა არ გამოუვიდა.

მორიგი ბრძოლები გამართეს მოკრივეებმა. ფრანგი ჯორდან როდრიგესის 5:0 დამარცხებით მეოთხედფინალში გავიდა ოთარ ერანოსიანი (60 კგ). თურქ ტუგრულან ერდემირთან მერვედფინალური შეხვედრა 1:4 წააგო ლაშა გურულმა (64 კგ).

მეოთხედფინალში ბრიტანელი აჰმედ აქილის 3:2 ძლევით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა სახილ ალახვერდოვმა (49 კგ). მან ასევე გაინაღდა მინიმუმ ბრინჯაოს მედალი. ბელარუს ვლადისლაუ სმიაჰლიკაუსთან მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში 2:4 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ). მცირეკალიბრიანი პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე 30-ე შედეგი ჰქონდა ნინო სალუქვაძეს.

დღეს საქმეში ჩაერთვნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც. უმსუბუქეს წონაში სერბ სტევან მიჩიჩთან 4:2 წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, ლაშა ლომთაძემ (57 კგ) ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა.

პირველი შეხვედრა გამოტოვა და მეოთხედინალიდან ჩაება ბრძოლაში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მაგრამ რუს მსოფლიოს ჩემპიონთან - ზაურბეკ სიდაკოვთან 3:5 დამარცხდა და ხვალ მასაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცემა.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) მერვედფინალში შვეიცარიელი შტეფან რეიხმუტი 3:2 დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ალექსანდერ გოსტიევთან 2:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ხვალ გარანტირებულ მედალს ველით მძიმე წონაში, სადაც გივი მაჭარაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან ორთაბრძოლა დაიბევა.

მაჭარაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფინელი, რუმინელი და აზერბაიჯანელი ფალავნები დაამარცხა.