მინსკის ევროპულ თამაშებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებით საქართველოს მონაგარი 22 მედლამდე გაიზარდა

26 ივნისი 2019

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გუშინ დაბევებული მედალი დღეს - თამაშების მეექვსე დღეს მოიპოვა.

მძიმე წონით კატეგორიაში მოსაპარეზე ქართველმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან გადამწყვეტი შეხვედრა 2:8 წააგო. შედეგად, 23 წლამდელებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მაჭარაშვილმა საქართველოს ნაკრების ვერცხლის მონაგარი ექვსამდე გაზარდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მაჭარაშვილისთვის ეს იყო დებიუტი მძიმე წონაში. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ტრავმა ვერ მოიშუშა და მწვრთნელებმა მძიმე წონაში სწორედ მაჭარაშვილი დააყენეს, მან კი მინსკში ღირსეულად იჭიდავა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლის შანსი წარმატებით გამოიყენა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), რომელმაც მასპინძელ აზამატ ნურიკაუს 8:5 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა.

დღესვე ფინალში გასვლით ხვალინდელი ასპარეზობისთვის მედალი დაიბევა ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულიანმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (65 კგ), რომელმაც მედლისკენ მიმავალ გზაზე მოლდაველი და რუსი ფალავნები დაამარცხა. განსაკუთრებით პრინციპული იყო ხინჩეგაშვილისა და ახმედ ჩაკაევის (რუსეთი) დაპირისპირება. ზემო წონით კატეგორიაში გადასულ ქართველ ფალავანს ჩაკაევთან ადრინდელი შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ამჯერად დამაჯერებელი რევანში აიღო. ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ქართველ ჩემპიონს ხვალ გადამწყვეტ შეხვედრაში აზრებაიჯანელ ჰაჯი ალიევთან მოუწევს ევროპული თამაშების ოქროს მედლისთვის ბრძოლა.

ხვალ  ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), რომელმაც დღეს მერვედფინალში სომეხ სარგის ჰოვსეპიანთან 13:2 მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან 3:7 წააგო. ხვალ ოდიკაძე პოლონელ რადოსლავ ბარანს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინის წარმომადგენელს მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

საქმეში ჩაერთო მედლის მოპოვების რეალური კანდიდატი, კანოისტი ზაზა ნადირაძეც, რომელმაც 200 მეტრ დისტანციაზე წინასწარ რბოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (39.421) და ნახევარფინალის გამოტოვებით, ხვალ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

წარმატებით გამოდის საქართველოს მოკრივეთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ოთარ ერანოსიანი (60 კგ), მან მეორე წრეში აზერბაიჯანელ ჯავიდ ჩალაბიევს მოუგო და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი განაღდებული აქვს. ნახევარფინალში ერანოსიანის მეტოქე იქნება რუსეთის ნაკრების წევრი გავილ მამედოვი.

კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე  ნახევარფინალური რბოლა 35.118 წამში დაფარა და ხვალ მეორე ფინალურ ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც წინასწარ რბოლაში დისტანცია 35.227 წამში დაფარა და 21 მონაწილეს შორის მეცხრე შედეგი ჰქონდა.

კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე ნახევარფინალური ბარიერი 52.392 წამში დაფარა და ხვალინდელ მთავარ ფინალში გამოვა მარიამ ქერდიკაშვილი, რომელსაც უკეთესი შედეგი (51.526) წინასწარი რბოლისას ჰქონდა.

ოქროს 6, ვერცხლის 6 და ბრინჯაოს 10 მედლით საქართველოს ოლიმპიური გუნდი საერთო ჩათვლაში კვლავ ინარჩუნებს მესამე ადგილს, რაც მართლაც ჩინებული შედეგია.