ისევ ვერცხლი და ბრინჯაო

27 ივნისი 2019

საქართველოს ნაკრებმა მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების მეშვიდე დღეს  წინა დღის შედეგი გაიმეორა - თითო ვერცხლისა და  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყველასთვის მოულოდნელად, სამეულს მიღმა დარჩა კანოისტი ზაზა ნადირაძე, რომლისგანაც მედალს ველოდით. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა საკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესო შედეგით მოიგო და უპირველეს ფავორიტად ითვლებოდა. ზაზამ ფინალში  200-მეტრიანი დისტანცია 44.995 წამში დაფარა და მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 42.835 წამით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი არსტიომ კოზირი გავიდა. მეორე ადგილი 43.353 წამით იტალიელ ნიკოლე კრასიუნეს ერგო, ხოლო მესამე პოზიცია ესპანელმა ალფონსო ბენავიდესმა დაიკავა - 44.255.

აქვე კანოეთი 200 მეტრზე ქალებში ფინალში იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა, რომელმაც საბოლოოდ მერვე შედეგი აჩვენა - 54.691. ამავე მანძილზე კაიაკით რბოლაში ბადრი ყაველაშვილმა 38.095 წამით მეათე ადგილი დაიკავა. 

4 მედლით (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა  მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ). ჩვენი გუნდის ლიდერი ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან,  აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. წინა ევროპული თამაშების ფინალისტმა ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ამჯერად ბრინჯაოს მედალი აიღო. მან სანუგეშო წრეში ჯერ პოლონელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს 4:0 მოუგო.

27 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მოპოვებული აქვს 24 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიცია უკავია.

28 ივნისიდან საქმეში ჩაერთვება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ ჩვენი მოკრივეები.