ევროპული თამაშების მერვე დღე: ერთი ბრინჯაოს მედალი და ორი ფინალისტი

28 ივნისი 2019

მინსკის მეორე ევროპული თამაშების მერვე დღეს გათამაშებული მედლების კომპლექტიდან საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ერთი ბრინჯაოს მედალი ერგო,  ჩვენი ორი სპორტსმენი კი ფინალში გავიდა და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მოკრივეთა ასპარეზობა 21 ივნისიდან დაიწყო, მაგრამ პირველი მედლები სწორედ  დღეს გათამაშდა. ბრინჯაოს პრიზიორთა შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულიანი წევრი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი  ოთარ ერანოსიანი (60 კგ). მან  ნახევარფინალამდე ფრანგი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში გასასვლელი ბრძოლა კი რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვთან დათმო და ფინალს მიღმა დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ კრივში ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ მესამე ადგილს უდრის, ერანოსიანი ბრინჯაოს მედალოსნად გამოცხადდა.

უმსუბუქეს - 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში უფრო შორს წავიდა სახილ ალახვერდოვი, რომელმაც გერმანელი და ბრიტანელი მოკრივეები დაამარცხა, ფინალის საგზურისთვის კი იტალიელ ფედერიკო სერას შეხვდა და მასაც მოუგო.  ალახვერდოვს  ოქროს მედლისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს სომეხ არტურ ჰოვანესიანთან შეხვედრაში.

ხვალ საქართველოს ნაკრებს ევროპული თამაშების თავის წილ მედალს შემატებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67 კგ), რომელმაც დღეს ჯერ ავსტრიელი კრისტოფ ბურგერი (8:0) და სერბი მატე ნემესი (2:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სომეხ კარენ ასლანიანს 5:0 აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსან ქართველ ფალავანს გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევთან მოუწევს დაპირისპირება.

ხვალვე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), რომელიც იტალიელ  და ხორვატ ფალავნებთან გამარჯვებების შემდეგ, ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბასთან დაძაბულ შეხვედრაში 5:6 დამარცხდა.

ხვალვე ხალიჩაზე გავლენ რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). ასევე მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთვება ჩვენი კარატისტი გოგიტა არქანია (+84 კგ).

28 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მოპოვებული აქვს 25 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი, 12 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში რუსეთის, ბელარუსის, იტალიისა და უკრაინის შემდეგ მეხუთე ადგილი უკავია.