ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე თითო ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

30 ივნისი 2019

ვარშავაში დასრულებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრებებმა იასპარეზეს, ჩვენმა სპორტსმენებმა თითო ოქროსა და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გარდა ამისა, ვაჟთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე შედეგი აჩვენა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო  შედეგს მიაღწია გიგა ტატიაშვილმა (+90 კგ), რომელმაც გერმანელი, ბელარუსი და აზერბაიჯანელი მეტოქეების ძლევით ფინალამდე გაიკვალა გზა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თანაგუნდელ ირაკლი დემეტრაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა.  საბოლოოდ, ტატიაშვილმა ოქროს მედალი მიიღო, დემეტრაშვილმა - ვერცხლისა.

ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ნიკა ბაჩიაშვილმა (50 კგ) და თორნიკე ფოლადიშვილმა (90 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ასევე იასპარეზა გუნდურ შერეულ პირველობაზეც, სადაც პირველი შეხვედრა პოლონეთს მოუგო, შემდეგ კი რუსეთთან წააგო  და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა -  მოუგო იტალიას, მაგრამ დამარცხდა ჰოლანდიასთან და უმედლოდ დარჩა.