თომას ბახმა მსოფლიო ლიდერებს IOC-ის მშვიდობიანი მისიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

04 ივლისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მიწვევით ოსაკაში, G20-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერების წინაშე გამოვიდა.

„ერთ წელიწადში მთელი მსოფლიოს ყურადღება ოლიმპიური თამაშებისკენ იქნება მიპყრობილი, რაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობისთვის გამაერთიანებელი ერთადერთი მოვლენაა. ტოკიოში 206 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და IOC-ის დევნილთა გუნდის წარმომადგენლები გამოვლენ.

ათლეტები ერთმანეთს არენებსა და სარბენ ბილიკებზე ეპაექრებიან, მაგრამ ოლიმპიურ სოფელში ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრობენ. თამაშებზე არ არსებობს დისკრიმინაცია, ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. თანამედროვე მყიფე სამყაროში ერთიანობის მსგავსი სიმბოლოები უკეთესი მომავლის იმედს გვისახავს," - განაცხადა თომას ბახმა და იმავდროულად მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, მხარი დაუჭირონ IOC-ის მშვიდობიან მისიას.

„მადლიერი ვარ ასეთი შესაძლებლობისთვის, პირადად გამეზიარებინა ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებული გამაერთიანებელი როლის მნიშვნელობა. ჩვენ ერთად შევძლებთ ის ვაქციოთ კაცობრიობის გაერთიანების უდიდეს სიმბოლოდ."

გარდა ამისა, IOC-ის პრეზიდენტმა დიდი შეფასება მისცა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოებს.

ბახის თქმით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უდიდესი სპორტული მოვლენა გახდება. ასპარეზობათა ორგანიზებისადმი იაპონელთა მიდგომა IOC-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და რეფორმების ანარეკლია.

„IOC ყველა შემოსავლიდან 90 პროცენტის ინვესტირებას ახდენს ათლეტებში და სპორტის პოპულარიზებაში.

გადასახადის გადამხდელთა არცერთი ცენტი არ მიდის ჩვენს ბიუჯეტში. ჩვენს ბიუჯეტს ვავსებთ სპონსორული ხელშეკრულებების წყალობით და მედია უფლებების გაყიდვით. ფული ჩვენი თვითმიზანი არ არის, ის ჩვენი მისიების შესასრულებელი საშუალებაა," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა.