ლერი ხაბელოვი 55 წლისაა

05 ივლისი 2019

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს, თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 1987, 1990, 1991, 1993) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 1987, 1988, 1992), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1981) და ახალგაზრდებს (1982) შორის, საბჭოთა კავშირის სამგზის (1985, 1987, 1988) და საბჭოთა კავშირის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986).

1998-2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2007 წლებში - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2012 წლიდან - სეოკ-ის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრია. 2012-2016 წლებში თავმჯდომარეობდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერი. 

ლერი ხაბელოვი იუბილარია - დღეს 55 წლისა გახდა. 

ლერი ხაბელოვი დიდი ჩემპიონია - მან მოიპოვა ყველა უმაღლესი ტიტული, რაც კი საქართველოში, საბჭოთა კავშირში, ევროპაში და მსოფლიოში არსებობდა. იგი გახლავთ ქართული საჭიდაო სკოლის უმდიდრესი ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე, შემნახავი და გამგრძელებელი, ერთადერთი საქართველოს სპორტსმენთა შორის, ვინც ოლიმპიურ სახეობაში ხუთჯერ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

ლერი ხაბელოვისთვის სპორტული ნიჭი ღმერთმა უხვად გაიმეტა. ვისაც მისი ჭიდაობა ერთხელ მაინც უნახავს, მეორედ, მესამედ, მეასედ ნახვის სურვილი აუცილებლად გაუჩნდებოდა. იგი ერთდროულად იყო მამაციც და ფრთხილიც, წინდახედულიც და რისკიანიც, მიმტევებელიც და დაუნდობელიც. საჭიდაო ხალიჩაზე მას შეეძლო ყველაფერი, რასაც ადამიანის მდიდარი ფანტაზია წარმოიდგენს და ისიც, რასაც ვერ წარმოიდგენს. ეს ის ნიჭია, რაც მას ღმერთმა უბოძა ფენომენალურ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, მაგრამ ყველაფერი ეს მსოფლიო დონის ვარსკვლავობისთვის საკმარისი მაინც არ არის. ამას გარდა, საჭიროა უდიდესი შრომისმოყვარეობა და საქმისთვის მსხვერპლის გაღების უნარი. ამ მხრივაც განგებამ მისთვის ყველაფერი გაიმეტა. ლერი ხაბელოვის უჩვეულო შრომისმოყვარეობას გამოჰყოფს ყველა, ვისაც კი მასთან ოდესმე თუნდაც ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონია: მასწავლებლები, მეგობრები, თანაგუნდელები, მწვრთნელები, თანამშრომლები...

ლერი ხაბელოვი დიდი ავტორიტრტით სარგებლობს სპორტულ სამყაროში, რასაც უნიკალურ სპორტულ მიღწევებთან ერთად, განაპირობებს სწორედ მისი პიროვნული თვისებები - პრინციპულობა და ობიექტურობა, საქმის ერთგულება და სიტყვისკაცობა, ღირსება და პატიოსნება.

წარმატებული სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ლერი ხაბელოვი კვლავ სპორტში დარჩა, როგორც მისი ერთგული მსახური, დროთა განმავლობაში კი ნამდვილ სპორტულ მოღვაწედ ჩამოყალიბდა.

ჩვენ, სეოკ-ის თანამშრომლებს, გვეამაყება, რომ სწორედ ასეთი პიროვნება უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ორგანიზაციას - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.