სეოკ-ში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

13 ივლისი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში გაიმართა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება. დღეს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი 50 წლისა გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

შეხვედრის დასაწყისში დამსწრე  საზოგადოებას მიესალმა  სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.  მან გულითადად მიულოცა სახელოვან ძალოსანს მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი და სეოკ-ის სახელით ფულადი ჯილდო გადასცა.

„კახი კახიაშვილი უნიკალური სპორტსმენი და სამაგალითო პიროვნებაა, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, -  ჩვენ ერთად, ერთ ოლიმპიადაზე გავხდით ოლიმპიური ჩემპიონები. მან შემდგომ კიდევ ორ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და, გარდა ამისა, არაერთგზის მოიგო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, დაამყარა მსოფლიოს რეკორდები.  მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ საქართველოში და მთელ მსოფლიოში. სპორტში შეძენილი ცოდნა-გამოცდილება, დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი  კახიმ წარმატებით გამოიყენა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისას და , როგორც ჩინებულმა მენეჯერმა და ორგანიზატორმა, შედარებით მოკლე დროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა."

 იუბილარს ასევე მისელამა და საიუბილეო თარიღი მიულოცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ  შალვა გოგოლაძემ. მანვე იუბილარს „სპორტის რაინდის"  მოწმობა და მედალი გადასცა. სეოკ-ის აღმასკომის წევრმა, სახელოვანმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა იუბილარი  კოტე მახარაძის სახელობის თასით დააჯილდოვა.  

საიუბილეო შეხვედრას ესწრებოდა   ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი (1952, ჰელსინკი), რომელსაც დაბადების 90 წლის საიუბილეო თარიღისთვის  სოკ-ის პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ გამოგზავნილი სპეციალური საჩუქარი  გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.