საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრი 3 მედლით დაასრულა

15 ივლისი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტის გრან პრის 8 ძიუდოისტით ეწვია და აქედან სამმა მედალი მოიპოვა. უმედლოდ დასრულებული პირველი დღის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებას მეორე და მესამე დღეს მიაღწიეს. 19 წლის ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალამდე გაიკვალა გზა, იქამდე კი ესპანელი, იტალიელი, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე, ბულგარელი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში გრიგალაშვილმა ბრაზილიელ ჟოაო მაკედას იპონით აჯობა და კარიერის პირველი გრან პრი მოიგო.

კვირას, გრან პრის დასკვნით დღეს, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ). ამავე წონაში იასპარეზა მსოფლიოს 2014 წლის  ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმაც, მაგრამ მესამე წრეში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა, რომელმაც შემდგომ გრან პრიც მოიგო.

საქართველოს ნაკრებისთვის ასევე ბრინჯაოს მედლით დასრულდა მძიმეწონოსანთა ასპარეზობა, სადაც გელა ზაალიშვილმა ნაკრებს თავისი წილი მედალი მოუპოვა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით კაცთა ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.