ყატარი საინაუგურაციო მსოფლიოს ქვიშის თამაშების მონაწილეებს საუკეთესო პირობებს ჰპირდება

16 ივლისი 2019

ყატარი საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებისთვის ემზადება და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და მათ წარმომადგენლებს საუკეთესო პირობებს ჰპირდება. ამავე მიზნით დოჰაში მისიათა ხელმძღვანელების სემინარი გაიმართა და მასში 84 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

ქვიშის პირველი თამაშები ჩატარდება 12-16 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში. მედლები გათამაშდება 14 სახეობის 16 დისციპლინაში: ქვიშის ხელბურთი, ფეხბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა, ასევე 3X3-ზე კალათბურთში, აკვატლონში (წყალქვეშა ჭიდაობა), ვეიკბორდში (სერფინგის და სკეიტბორდის ერთგვარი ნაზავი წყალზე), წყლის თხილამურებში (ხტომები), სკეიტბორდში, ღია წყალში ცურვაში, სერფინგში (შორტბორდსა და ლონგბორდში), აფროსნობაში (სერფერის დაფით ასპარეზობა ფრანის დახმარებით), კატაში (კარატე) და ბოლდერინგში (მეკლდეურობის სახეობა). შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 1400-მდე ათლეტი.

სემინარის ფარგლებში დელეგატები დაათვალიერეს სასტუმროს კომპლექსი, სადაც განთავსდება ათლეტთა სოფელი, ასევე სანაპირო ზოლი და სპორტული ცენტრები.

ქვიშის მსოფლიო თამაშებისთვის 84 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა კვალიფიკაცია. მათ შორის არიან ქართველი მოჭიდავეებიც. კერძოდ, რიო დე ჟანეიროში მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე ქვიშის ჭიდაობაში, რომელიც ქვიშის მსოფლიო თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი იყო, საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი და ამდენივე ლიცენზია მოიპოვა.