მწვრთნელთა გადამზადების პროგრამაში მონაწილე მწვრთნელებს სერთიფიკატები გადაეცათ

17 ივლისი 2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით განხორციელდა მასშტაბური პროექტი, რომელიც  მწვრთნელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბავშვებთან მუშაობის მეთოდიკის შესახებ გადამზადების კურსების განხორციელებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე 324 მწვრთნელს, რომლებიც 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს. გადამზადების კურსებს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

დღეს სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე მწვრთნელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე - პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა , პროექტში მონაწილე მწვრთნელებს წარმატება უსურვა და მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა. მან თბილისის მერიასთან ერთად სამომავლო მხარდაჭერა გამოთქვა მსგავსი პროექტების მიმართ და აღნიშნა, რომ რაც უფრო გავაძლიერებთ ამ ინიციატივას, მით უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება.