ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მონაგარი 4 მედლით გაიზარდა

22 ივლისი 2019

ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი 4 მედლით გაიზარდა. ოთხივე შემთხვევაში წარმატება თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე მოდის.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ) და დავით აბდალაძე (60 კგ) გავიდნენ და შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ასეთივე შედეგი აქვთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ). აბულაძეს ვერცხლის მედალი ერგო, ბროლაძეს - ბრინჯაოსი.

ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ).

დღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა - კატრინ ესაძემ და ლიზი დოლიძემ   2:6, 6:2 (11:9) დაამარცხეს  ავსტრიელთა დუეტი და წყვილთა შეჯიბრების მეორე წრეში გავიდნენ.

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში 6 მედლით (4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მე-9 ადგილზეა.