ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების თილისმა-რობოტები წარმოადგინეს

24 ივლისი 2019

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა 2020 წლის უმთავრესი ღონისძიებისთვის 4 ფუტურისტული რობოტი წარმოადგინა. იაპონელთა ჩანაფიქრით, რობოტები საშეჯიბრო არენებზე დაეხმარებიან მაყურებელს, ათლეტებსა და ოფიციალურ პირებს, ხოლო მათ, ვინც ასპარეზობებს შორიდან ადევნებს თვალ-ყურს,  ხმოვან სიგნალს და გამოსახულებას მიაწვდიან, სარბიელზე განვითარებული მოვლენების საქმის კურსში ვირტუალურად ჩააყენებენ.

ტოკიო-2020-ის მიზანია, რომ ამგვარი ტექნოლოგიური სიახლეებით ოლიმპიური თამაშები გახადონ ყველაზე ინოვაციური და დაუვიწყარი.

რობოტები ტოკიო-2020-ის თილისმების - მირაიტოვასა და სომეიტის შესაბამისია, რომლებიც შეიმუშავა „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენმა".

რობოტები არენებზე და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშრებულ ადგილებზე ადამიანის მსგავსი მოძრაობებით - ხელის ჩამორთმევით, სხვადასხვა გამომეტყველებით მიესალმებიან ათლეტებს და სტუმრებს. ამასთან, რობოტებს შუბლზე დამაგრებული ექნებათ  კამერები, რაც მათ ადამიანის სიახლოვის აღქმაში დაეხმარება.

ტოკიო- 2020 და „ტოიოტა" ასევე განიხილავენ შესაძლებლობებს, თუ როგორ ჩააყენონ ბავშვების სამსახურში თილისმა-რობოტები, რათა მათი დახმარებით მოზარდებმა ოლიმპიური გამოცდილება მიიღონ.