ბაქოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ძიუდოისტთა დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

26 ივლისი 2019

ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეექსვე დღეს საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ოთხივე ჯილდო ძიუდოისტებზე მოდის, რომლებმაც დასკვნით დღეს ვაჟთა სამ - 81, 90 და +90, აგრეთვე გოგონათა 70 და +70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაითამაშეს მედლები. აქედან საუკეთესო შედეგს 81-ში მივაღწიეთ, სადაც აკაკი ჯაფარიძემ პორტუგალიელი, სლოვაკი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა, რითაც  ფინალში ფრანგ არნო არეგბასთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  გადამწყვეტი შეხვედრა ჯაფარიძისთვის წარუმატებელი გამოდგა. ქართველი ძიუდოისტი იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს თორნიკე ფოლადიშვილმა (90 კგ) და გიგა ტატიაშვილმა (+90 კგ). ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გვანცა სომხიშვილმა (+70 კგ).

ძიუდოისტთა ასპარეზობის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა ნიკა ბაჩიაშვილი (50 კგ). შედეგად საქართველოს ნაკრებმა ვაჟ ძიუდოისტთა გუნდურ ჩათვლაში თითო ოქროს, ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო ვაჟთა და გოგონათა საერთო მაჩვენებლით მე-7 საფეხურზე აღმოჩნდა.