Gracenote-ის გათვლებით, საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს

27 ივლისი 2019

ცნობილი ამერიკული პორტალი Gracenote ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლის ვირტუალურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი გათვლები ემყარება რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდგომ დიდ საერთაშორისო ასპარეზობებზე სპორტსმენთა მიერ მიღწეულ შედეგებს.

ვირტუალური პროგნოზის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლები XXXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ,  საერთო ჩათვლაში კი 26-ე ადგილს დაიკავებენ. ამგვარად,  რიოს ოლიმპიადის შედეგს - 2 ოქრო, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაკავებულ 38-ე საფეხურს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ.

ამერიკული პორტალის თანახმად, ბოლო ხუთი ოლიმპიური თამაშების მსგავსად, პირველ საფეხურს აშშ-ის ნაკრები დაიკავებს. ამასთან, ამერიკელებმა უნდა გააუმჯობესონ რიო-2016-ის შედეგები (46-37-38) და მოიპოვონ 51 ოქროს, 34 ვერცხლის და 41 ბრინჯაოს მედალი.

38 ოქროს, 24 ვერცხლის და 19 ბრინჯაოს მედლით მესამედან მეორე ადგილზე დაწინაურდება ჩინეთი. მესამეზე უნდა გავიდეს იაპონია - 29 ოქრო, 26 ვერცხლი და 12 ბრინჯაო.

Gracenote-ის გათვლებით, მეოთხე იქნება რუსეთი, მეხუთე - დიდი ბრიტანეთი, მეექვსე - ავსტრალია, მეშვიდე - საფრანგეთი, მერვე - გერმანია, მეცხრე - ნიდერლანდები, მეათე - იტალია.