„ევრობასკეტი 2021 - საქართველო მასპინძელი ქვეყანა" - საზეიმო ღონისძიება ლისის ტბაზე

31 ივლისი 2019

ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შორის ჩატარდა ტურნირი 3x3 კალათბურთში, რის შემდეგადაც ღონისძიების სტუმრებმა გადაინაცვლეს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ტურნირის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით. საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „ნიუვანი".

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მე-5 ევრობასკეტი იქნება.

ჯგუფური ეტაპი (4 სხვადასხვა ჯგუფი) გაიმართება საქართველოში (თბილისი), ჩეხეთში (პრაღა), გერმანიასა (კიოლნი) და იტალიაში (მილანი). პლეი-ოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო მამაკაცთა შორის გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისმა ევრობასკეტს ერთადერთხელ, 1965 წელს მოსკოვთან ერთად უმასპინძლა (ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა).

2021 წლისთვის უკვე დაგეგმილია ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა. დარბაზი 15 000 გულშემატკივარს დაიტევს. ბათუმის მშენებარე სტადიონთან ერთად, ეს არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.