ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ტიტულიანი მეურვეები ეყოლებათ

31 ივლისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პირველ ეტაპზე შერჩეული 13 სპორტსმენის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ლოზანის ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს მეურვეობას გაუწევენ.

საერთაშორისო ფედერაციების მიერ შედგენილ და IOC-ის მიერ დამტკიცებულ სიაში შედიან ზამთრის სახეობათა ოლიმპიური თამაშების  და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.

2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისას მეურვეები ახალგაზრდა ათლეტების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ოლიმპიურ სოფელში, სავარჯიშო და საშეჯიბრო მოედნებზე ჩატარდება მასტერ-კლასები და შემეცნებითი სემინარები, სადაც ახალგაზრდა ათლეტებს ოსტატობის ამაღლების, კარიერის მოწყობის, ტრავმების პროფილაქტიკის, მაღალი შედეგების მიღწევის სფეროში გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ასევე გააცნობენ fair-play -ის პრინციპებს და ოლიმპიურ ღირებულებებს.

2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ლოზანაში ჩატარდება 2020 წლის 10-19 იანვარს. მასში მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი ქვეყნის 14-დან 18 წლამდე 1880 სპორტსმენი. ასპარეზობები ჩატარდება ბიატლონში, ბარის თხილამურობაში, ჰოკეიში, სამთო თხილამურობაში, ფიგურულ ციგურაობაში, სათხილამურო ორჭიდში, შორტ ტრეკში, ციგურებით რბენაში, ტრამპლინიდან ხტომაში, ბობსლეიში, სკელეტონში, ციგაობაში, კერლინგში, ფრისტაილში, სნოუბორდში და სკი-ალპინიზმში.