იაპონიის ზარაფხანა ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ორ 500-იენიან მონეტას მოჭრის

04 აგვისტო 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლებმა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების აღსანიშნად და სამახსოვროდ ორი 500-იენიანი მონეტის (4.68 აშშ დოლარი) დიზაინი შეარჩიეს.

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ნამუშევრებზე ასახულია XVII საუკუნის მხატვრის ტავარაია სოტაცუს შესრულებული ჭექა-ქუხილისა და ქარის ღმერთების - რაიჯინისა და ფუჯინის ილუსტრაციები, რომლებიც ქვეყნის საგანძურად არის აღიარებული.

იაპონიის ზარაფხანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შერჩეულმა ნამუშევრებმა ხმათა 43 პროცენტი დააგროვა (66 318 ხმიდან 28 741 ხმა).

რაიჯინი - ჭექა-ქუხილის ღმერთი ამოტვიფრული იქნება ოლიმპიურ მონეტაზე, ხოლო ფუჯინი - ქარის ღმერთი ასახული იქნება პარალიმპური თამაშებისადმი მიძღვნილ მონეტაზე.

500-იენიანი მონეტები იაპონიაში ხელმისაწვდომი გახდება გაისად ივლისში.