იაპონელთა მორიგი სტუმრობა სეოკ-ში

13 აგვისტო 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების  საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორის თანაშემწეები - ტაკაიუკი ოჰირა და მასაჰირო კანეკო, ტოკუშიმას პრეფექტურის  სპორტის განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი იოში ვატანაბე და ამავე პრეფექტურის  სკოლის პედაგოგი ტაკეში სუზუკა. მათ ახლდა საქართველოში იაპონიის საელჩოს მრჩეველი მასატაკა ობატა.

სოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა იაპონელ სტუმრებს მიაწოდა  ინფორმაცია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩვენს ოლიმპიელებზე, სპორტის წარმატებულ სახეობებზე, ოლიმპიადამდე დარჩენილ პერიოდში დასახულ ღონისძიებებზე.

თავის მხრივ, სტუმრებმა იასუბრეს ტოკიოს საოლიმპიადო სამზადისზე და იაპონიაში შემუშავებულ სპეციალურ  პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს თამაშებში მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების ხელშეწყობას, ოლიმპიური გუნდების საწვრთნო პროცესის მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას იაპონიაში. აღინიშნა, რომ იაპონური მხარე მზად არის უსასყიდლოდ  უმასპინძლოს ქართველ ოლიმპიელებს, შესთავაზოს მათ საუკეთესო სავარჯიშო პირობები ქართული მხარის მიერ შერჩეულ ნებისმიერ დროს. უკვე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები გაისად ოლიმპიადისწინა საწვრთნელ შეკრებას გაივლიან იაპონიაში, იგივე გეგმები აქვთ ჩვენს მოჭიდავეებს.

იაპონელი სტუმრების თქმით, მზად არიან მიიღონ ნებისმიერი სხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებსაც სურვილი ექნებათ ისარგებლონ შეთავაზებული პროგრამით.

გარდა სპორტული მიმართულებისა, ჩვენი  მიზანია ქართველ ოლიმპიელებს გავაცნოთ  იაპონიის კულტურა და ტრადიციები, შევახვედროთ ადგილობრივ ახალგაზრდებს და სპორტის გულშემატკივრებს, დავამეგობროთ ისინი," - აღნიშნა ტაკაიუკი ოჰირამ.

ელგუჯა ბერიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისა და  საინტერესო ინიციატივისთვის: როგორც თქვენთვის ცნობილია,  ამ თემაზე ადრეც შევხვდით  იაპონელი  პარტნიორების სხვა ჯგუფს და უკვე  გვაქვს გარკვეული პრაქტიკული შედეგი. ოლიმპიური კომიტეტი, რასაკვირველია, მიესალმება  თქვენს ინიციატივას და დიდად აფასებს ასეთ მნიშვნელოვან შემოთავაზებას. ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას შესაბამისი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთნ და როცა ოლიმპიურ ლიცენზიანტთა ვინაობა  საბოლოოდ გაირკვევა, ვფიქრობ, ამ პროგრამით სარგებლობის სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან.  საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს  დიდი იმედი აქვს,  რომ  ქართველი სპორტსმენები ტოკიოში წარმატებით გამოვლენ და ამაში თქვენი ხელშეწყობაც დაგვეხმარება,"  -  განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ  სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან აფციაური.