ლაშა ტალახაძის საქართველოს რეკორდი მსოფლიოსას აღემატება

17 აგვისტო 2019

2016 წლის 17 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედალი მსოფლიო რეკორდებით მოიპოვა. 2019 წლის 17 აგვისტოს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში ძალოსნობაში ჩატარებულ  საქართველოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ, ისევე როგორც შარშან, შარშანწინ და უფრო ადრეც, ოქროს მედალი დაისაკუთრა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა. თუმცა ეს რეკორდი მსოფლიო რეკორდს აღემატება. კერძოდ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონმა ქართველმა ძალოსანმა წლეულს ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ატაცში მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი - 218 კგ. თბილისურ ფიცარნაგზე ერთი კილოგრამით გააუმჯობესა.

ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე იგივე შედეგი მსოფლიო რეკორდის სტატუსს შეიძენდა, მაგრამ ვინაიდან მსოფლიო მიღწევა ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარდა, მსოფლიო რეკორდად მის მოხსენიებას ძალოსნობის საერთაშორისო  წესები კრძალავს.

საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც პატაიას (ტაილანდი) მსოფლიო ჩემპიონატის (18-27 სექტემბერი) ერთგვარ გენერალურ რეპეტიციადაც შეიძლება მივიჩნიოთ, ძალოსნებმა არაერთი პირადი შედეგი გააუმჯობესეს და საქართველოსა და ევროპის რეკორდებიც მრავლად დაამყარეს.