ტოკიო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მისიების ხელმძღვანელთა წარმომადგენლობით ფორუმს მასპინძლობს

20 აგვისტო 2019

ტოკიოში, სასტუმრო New Otani-ში დღეს დაიწყო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ  თამაშებზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების  მისიების ხელმძღვანელთა სემინარი, რომელიც სამ დღეს გასტანს. ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელშიც 194 ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ, საქართველოს წარმოადგენს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

სემინარის დელეგატებს მიესალმნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ოლიმპური კომიტეტების ასოციაციის წარმომადგენლები, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები მომავალი თამაშებისთვის მზადების შესახებ.  როგორც ტოკიო-2020-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ იუკიჰიკო ნუნომურამ განაცხადა, საოლიმპიადო სამზადისი შეუფერხებლად, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა სამუშაო დროულად დასრულდება.

მისიების ხელმძღვანელთა სემინარზე ისაუბრეს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის - ოლიმპური გუნდების მიღება-გამგზავრებაზე, განთავსებასა და სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე, კვებასა და უსაფრთხოებაზე,  ლოჯისტიკაზე, დელეგაციების წევრების აკრედიტაციაზე, საწვრთნელ და საშეჯიბრო პირობებზე, საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე და სპორტსმენთა დაშვების კრიტერიუმებზე, კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებზე.  ყველა ამ თემაზე გაიმართა დეტალური მსჯელობა, მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს დელეგატების მიერ დასმულ შეკითხვებს.

დღის მეორე ნახევარში სემინარის მონაწილეებმა მოინახულეს რამდენიმე სპორტული ობიექტი,  ბოლოს კი ეწვივნენ ოლიმპიურ სოფელს, სადაც ოლიმპიადის დღეებში განთავსდება 18 ათასამდე სპორტსმენი და ტექნიკური პერსონალი. სემინარის პირველი დღე დასრულდა საზეიმო მიღებით, რომელიც იაპონიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამართა. ამ კომიტეტს ცოტა ხნის წინ სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული ძიუდოისტი იასუჰირო იამასიტა, რომელსაც კარგად იცნობენ ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები. იამასიტას საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევა მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.