2020 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში დასრულდა ეოკ-ების მისიების ხელმძღვანელთა სემინარი

23 აგვისტო 2019

ტოკიოში დასრულდა  2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ  თამაშებზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების  მისიების ხელმძღვანელთა სემინარი, რომელშიც 194 ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ. სემინარის დასკვნით ეტაპზე განიხილეს მომავალ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი: სამედიცინო მომსახურება, დოპინგ-კონტროლი, ფინანსები, ტექნოლოგიები, მედია-სერვისი, ცერემონიების ორგანიზება,  ბილეთების განაწილების პირობები,  ეოკებ-ის ასისტენტთა პროგრამა და სხვ. მოეწყო სპეციალური ტურები ოლიმპიურ სპორტულ ობიექტებზე. რომელთა ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ნაწილის კეთილმოწყობა კი მომავალი წლის გაზაფხულამდე დამთავრდება.

„ეს იყო მეტად საინტერესო, ინფორმაციულად  დატვირთული და  პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფორუმი, რომლის მუშაობაშიც  ჩართულნი იყვნენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები.  მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებზე და ინდივიდუალურ შეხვედრებზე მივიღეთ  პასუხები ჩვენთვის ამ ეტაპზე საინტერესო კითხვებზე.  რა თქმა უნდა, ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრებზე დეტალურად განვიხილავთ საოლიმპიადო სამზადისის თითოეულ ასპექტს, რათა გავითვალისწინოთ საყოველთაოდ დადგენილი წესები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები. თამაშებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები მოგველის. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტსმენების მზადებას, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის სწორად დაგეგმვას და  უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობას, არამედ არაერთი საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხის ოპერატიულად მოგვარებას, რაც საშუალებას მოგვცემს 2020 წელს ტოკიოში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ," - ამბობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელიც ტოკიოში გამართულ ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელთა სემინარში მონაწილეობდა.