Olympic Channel 3 წლისაა

24 აგვისტო 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოლიმპიური არხი (Olympic Channel) დაბადების დღეს აღნიშნავს. არსებობის 3 წლის განმავლობაში ონლაინ-პლატფორმაზე  19 ათასზე მეტი ვიდეო გამოვიდა. არხის გაშვებიდან მის პროგრამებს სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე 2,45 მილიარდი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო გამომწერთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დღესდღეობით 206 ქვეყნის მაყურებლისთვის ყველა ოლიმპიურ დისციპლინაზე ხელმისაწვდომია ვიდეორგოლები, ასევე 65 დოკუმენტური ფილმი. პარტნიორული შეთანხმებები დადებულია 91 საერთაშორისო სპორტულ ფედერაციასთან და მსხვილ მულტისპორტულ შეჯიბრებათა ორგანიზატორებთან.

IOC-ის კვლევის თანახმად, ოლიმპიური არხის აუდიტორიის 78 პროცენტის ასაკი 35 წელს არ აჭარბებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ონლაინ-პლატფორმა დღის წესრიგი 2020-ის მიერ დაკისრებულ ამოცანას უმკლავდება, რაც სხვა მრავალთან ერთად ოლიმპურ მოძრაობაში ახალგაზრდების ჩართულობისკენაა მიმართული.