IAAF ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე „ჭკვიანი აბების" დახმარებით სპორტსმენთა ორგანიზმს დააკვირდება

25 აგვისტო 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სიცხე იქნება. სწორედ ამიტომ მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) გადაწყვიტა, გაუსაძლის სიცხეში ერთგვარი „ჭკვიანი აბების" დახმარებით დააკვირდეს და შეისწავლოს სპორტსმენთა ორგანიზმი.

მძლეოსნობაში დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზე (27 სექტემბერი-6 ოქტომბერი) გრძელ მანძილებზე რბენის შემდეგ სპორტსმენები IAAF-ის წარმომადგენლებს გააცნობენ აკლიმატიზაციის მსვლელობას სიცხით და მაღალი ტენიანობით გამოწვეულ სირთულეებს, ასევე მიიღებენ „ჭკვიან აბებს" - 1,7-გრამიან ელექტრო-სენსორულ მოწყობილობას, რომელიც ათლეტის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე მონაცემებს შეაგროვებს.

კვლევის ავტორთა აზრით, მიღებული მონაცემები მათ ოლიმპიურ სარბიელზე ათლეტების გაუწყლოების და გადახურებისგან დაცვის ეფექტური საშუალების შემუშავებაში დაეხმარება.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამგვარი მოწყობილობების გამოყენება WADA-ს წესებს არ ეწინააღმდეგება.