ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოში მეშვიდე ქართველი მსოფლიო ჩემპიონია

25 აგვისტო 2019

55 წლის წინ, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს დებიუტი შედგა. გაისად ტოკიო მეორედ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს, დღეს კი იაპონიის დედაქალქში 1964 წლის თამაშებისთვის აგებულ „ნიპონ ბუდოკანის" დარბაზში (რომელიც გაისად მეორედ მიიღებს ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირს) სტარტი აიღო  მსოფლიოს ჩემპიონატმა. ტოკიოში მედლებისთვის ბრძოლას  შეუდგა 6 კონტინენტის, 148 ქვეყნის 839 წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელმაც ჩემპიონატის დებიუტშივე გაიბრწყინა.

უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველო ამირან პაპინაშვილით და ლუხუმ ჩხვიმიანით იყო წარმოდგენილი. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, გამოცდილი პაპინაშვილი ორი მოგების შემდეგ,  მესამე  წრეში დამარცხდა და გამოეთიშა ჩემპიონატს, წლევანდელი ევროპული თამაშების ჩემპიონმა ჩხვიმიანმა კი იშვიათი სპორტული გმირობა ჩაიდინა - შვიდი ბრძოლა, შვიდი გამარჯვება უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში! მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა ფინალამდე დაამარცხა ჰონგ კონგელი, ესპანელი, ბრაზილიელი, უკრაინელი, ტაივანელი ძიუდოისტები, ნახევარფინალში კი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს, მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს და იმედს რიუჯუ ნაგაიამას დამატებით დროში იპონით აჯობა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველის მეტოქე აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი აღმოჩნდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა კი ორი ვაზარით 3 წუთსა და 43 წამში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა. ის გახდა  მეშვიდე ქართველი ძიუდოისტი, ვინც ამ რანგის ასპარეზობაზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.