ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა

26 აგვისტო 2019

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ორი ძიუდოისტით წარსდგა, მაგრამ წარუმატებლად.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს იპონით მოუგო, მაგრამ მეორე შეხვედრაში კორეელ ლიმვან კიმთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ტოკიოს ტატამი წარუმატებელი იყო ბაგრატ ნინიაშვილისთვისაც. მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა პირველ წრეში გვინეის წარმომადგენელი მუსა კაბა იპონით დაამარცხა, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა ავსტრალიელ ნათან კაცთან, მესამე შეხვედრაში კი მონღოლ ბასკუ იონდონპერენლეისთან მიღებული სამი შიდოს გამო წაგებულად გამოცხადდა.

საქმეში ჩაერთო საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტისთვის წარმატებული პირველი წრის შეხვედრა გამოდგა, სადაც პოლონელ ალეკსანდრა კალეტას იპონით მოუგო. მეორე წრეში ლევიცკა-შუკვანი ვიეტნამელ ტუი ნგუიენთან ვაზარით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ხვალ მედლები გათამაშდება კაცთა 73 და ქალთა 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში. კაცთა შეჯიბრებაში გამოვა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.