ლაშა შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა

27 აგვისტო 2019

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ნიპონ ბუდოკანის ტატამზე გავიდა საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულიანი წევრი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რიოს თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ). ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში  მეორე წრიდან ჩაება და ავსტრალიელ კელვინ კნოსტერს იპონით მოუგო. მესამე წრეში ასევე წმინდად დაამარცხა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ვიქტორ სკვორცოვი. მეოთხე წრეში შავდათუაშვილს რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, იაპონელი შოჰეი ონო დაუპირისპირდა. ტიტულიან ძიუდოისტთა ორთაბრძოლაში იპონით გამარჯვება იაპონელმა მოიპოვა, შავდათუაშვილი კი ჩემპიონატს გამოეთიშა. ონომ დანარჩენი შეხვედრებიც მოიგო და მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ხვალ მედლები გათამაშდება 81 კგ წონით კატეგორიაში, სადაც სხვებთან ერთად  იჭიდავებს მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა მაისურაძე.