ლუკა მაისურაძემ ტოკიოს ტატამზე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

28 აგვისტო 2019

21 წლის ლუკა მაისურაძემ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი გაზარდა. ტოკიოში მიმდინარე უმთავრესი ასპარეზობის მეოთხე დღეს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ბრძოლას 81 ძიუდოისტი შეუდგა. მათ შორის იყო მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე.

ლუკა პირველ წრეში იპონით გაუმკალვდა სამოელ პენიამინა პერსივალს, მეორე წრეში ასევე იპონით დაამარცხა თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკი, მესამე შეხვედრაში ვაზარით მოუგო მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარს. ქართველმა ბელგიელ სამი ჩუჩისთან დაპირისპირებაშიც წმინდა გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში გასული მაისურაძე აფრიკის ოთხგზის ჩემპიონ ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან იპონით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო. ლუკა მაისურაძემ რეპეშაჟში თავისი შანსი ბოლომდე გამოიყენა. ჯერ უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი დაამარცხა იპონით, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მსოფლიო ჩემპიონატების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ირანელი საედ მოლაელიც იპონით დაჯაბნა და მესამე ადგილი დაიკავა.

ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ). ხვალ მედლები გათამაშდება 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრებს წარმოადგენს ბექა ღვინიაშვილი.  ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე იქნება ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი.