ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოდან უმედლოდ მოდის

30 აგვისტო 2019

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მედლები 100 კილოგრამ წონითი კატეგორიაში გათამაშდა. ქართველთაგან ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა.

რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს ჩემპიონატების 3 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლიპარტელიანი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში ესტონელ გრიგორი მინასკინს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ ფრანგი ალექსანდერ იდირი ვაზარით დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წმინდად წააგო და რეპეშაჟზე გადაერთო. ლიპარტელიანისთვის ბრინჯაოს მედლის ნახევარფინალიც წარუმატებელი გამოდგა. ტიტულიანი ქართველი ძიუდოისტი ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან ვაზარით დამარცხდა და 2013 წლის შემდეგ ამ რანგის ასპარეზობაზე პირველად დარჩა უმედლოდ. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჟორჟე ფონსეკა, რომელმაც ფინალში რუს ნიაზ ილიასოვს ვაზარით აჯობა.

ხვალ მედლები გათამაშდება მძიმე წონით კატეგორიაში. საქართველო აქ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონით - გურამ თუშიშვილით არის  წარმოდგენილი. ქართველი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია და შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე იქნება ინდოელი შუბამ კუმარი.