გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა

31 აგვისტო 2019

ტოკიოში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება (ხვალ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს გათამაშდება გუნდური მედლები, ოღონდ - საქართველოს ნაკრების გარეშე. ეს არის შეჯიბრება კაცთა და ქალთა შერეულ გუნდებს შორის, მაგრამ რაკი ჩვენ მაღალრეიტინგული ძიუდოისტი ქალები არ გვყავს, სწორედ ამის გამო ჯერჯერობით ამ რანგის გუნდურ ტურნირებში ვერ ვმონაწილეობთ). დღეს, 31 აგვისტოს ნიპონ ბუდოკანის ტატამზე 2018 წელს ბაქოში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გავიდა ჩვენი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი - მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, რომელიც მთავარ ფავორიტად ითვლებოდა (მით უმეტეს, ტოკიოში არ უჭიდავია დაუმარცხებელ ფრანგს - ტედი რინერს). გურამმა ზედიზედ სამი ბრძოლა იპონით მოიგო, მათ შორის გამოცდილ ჰოლანდიელ ჰენკ გროლთან, მაგრამ ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან შეხვედრაში კონტრილეთზე წამოეგო და წმინდად წააგო. თუშიშვილმა  ბრინჯაოსთვის  ბრძოლაც დათმო კიდევ ერთ ჰოლანდიელთან - როი მეიერთან და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოში თითო ოქროს (ლუხუმ ჩხვიმინი, 60 კგ) და ბრინჯაოს (ლუკა მაისურაძე, 81 კგ) მედლის მოპოვება შეძლეს და ვაჟთა გუნდებს შორის მესამე შედეგი აჩვენეს.