მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების ვადები ცნობილია

03 სექტემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სამუშაო ჯგუფმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის კრივში მსოფლიოს და კონტინენტალური ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების ჩატარების თარიღები და ადგილები განსაზღვრა.

კერძოდ, 2020 წლის თებერვალ-მაისში ჩატარდება 4 კონტინენტალური და ფინალური მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც მოკრივეებს საშუალება მიეცემათ მოიპოვონ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები. მსოფლიოს საკვალიფიკაციო შეჯიბრება ათლეტებს აძლევს მეორე შანსს გაიარონ კვალიფიკაცია.

საკვალიფიკაციო შეჯიბრებები წარმოადგენს ოლიმპიური თამაშებისთვის სამართლიან და გამჭვირვალე შესარჩევ ასპარეზობებს, სადაც თითოეულ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თანაბარი შესაძლებლობები ექნება. სამუშაო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს მსოფლიო დონის ასპარეზობათა ორგანიზებისა და სპორტსმენთათვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად," -  განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა და IOC-ის წევრმა მორინარი ვატანაბემ.

აზია-ოკეანეთისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი 3-14 თებერვალს ჩატარდება ჩინეთის უხანში, აფრიკის შესარჩევი ტურნირი - 20-29 თებერვალს სენეგალში. ევროპის საკვალიფიკაციოს 13-23 მარტს ლონდონი უმასპინძლებს. ამერიკის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 26 მარტი - 3 აპრილს ბუენოს აირესში, ხოლო მსოფლიოს საკვალიფიკაციოს 13-24 მაისს პარიზი მიიღებს (ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირის ტოკიოში ჩატარება იგეგმებოდა).

შარშან ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი  AIBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) მიმართ დაწყებული გამოძიება გახდა. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით.

წლეულს ივნისში IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მაისის რეკომენდაციით, AIBA-ს IOC-ში შეუჩერდა წევრობა, მაგრამ კრივი ოლიმპიურ პროგრამაში დარჩა.

IOC-ის სესიაზე გადაწყდა, რომ  შექმნილიყო IOC-ის სპეციალური კომისია ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) პრეზიდენტის მორინარი ვატანაბეს ხელმძღვანელობით, რომელიც იზრუნებდა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების და ასევე უშუალოდ ტოკიო-2020 წლის ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა ტურნირის ჩატარებაზე.