IOC-ის ათლეტთა კომისიაში კანდიდატთა წარსადგენად ბოლო ვადად 9 სექტემბერი სახელდება

04 სექტემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ათლეტთა კომისიის წევრობისთვის კანდიდატთა წარსადგენად IOC-მა ბოლო ვადად 9 სექტემბერი დათქვა. კომისიაში 4 ადგილია.

კანდიდატები სპორტის 4  სახეობიდან შეირჩევა და შემდგომ ფარული კენჭისყრით გამარჯვებულთა ვინაობა გამოვლინდება. ახლადარჩეული კომისიის წევრები ავტომატურად IOC-ის წევრებიც გახდებიან.

ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება ცურვაში პირველი ოლიმპიური ქალი ჩემპიონი (პეკინი-2008) იტალიიდან ფედერიკა პელეგრინი. იტალიელს წინააღმდეგობა შესაძლოა გაუწიოს ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის რჩეულმა -  კალათბურთის ვარსკვლავმა, ოლიმპიური თამაშების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონმა პაუ გასოლმა.

IOC ათლეტთა კომისიის ახლადარჩეული წევრები შეცვლიან მათ, ვისაც კომისიაში მანდატი ამოეწურება 2020 წლის ტოკიოს თამაშების დასასრულს. ახალ წევრებს რვაწლიანი ვადით - 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებამდე აირჩევენ.

კომისიას დატოვებენ ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ზიმბაბველი კირსტი ქოვენთრი, ნიჩბოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრალიელი ჯეიმს ტომკინსი, კანოეში სამზგის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტონი ესტანგე და სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი, შვედი სტეფან ჰოლმი.

იმ სპორტსმენებს, რომლებსაც მანდატი 2020 წელს ეწურებათ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი სპორტსმენები არიან, ხელმეორე ვადით შეეძლებათ IOC-ის ათლეტთა კომისიის წევრობა.