ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერია საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

09 სექტემბერი 2019

ზაგრებში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის ფინალური ასპარეზობა გაიმართა. ხორვატიის დედაქალაქში საქართველოს ოთხკაციანი ნაკრები წარსდგა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართულმა ოთხეულმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს მამუკა კორძაია (+90 კგ) დაეუფლა.

სამი უმაღლესი სინჯის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 90 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

60 ქულით მეორეზე საბერძნეთი გავიდა, მესამეზე 54 ქულით - სერბეთი.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე საქართველოს ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიო დე ჟანეიროში სულაც 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა - ოთხი მონაწილე და ამდენივე ოქროს მედალი. ზაგრების ფინალური ეტაპის შეჯამების შედეგად მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი, რომლებიც სამ ეტაპზე იყვნენ დაუმარცხებლები.

ერთ თვეში ჩვენი მოჭიდავეები ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე გამოვლენ, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პატრონაჟით დოჰაში (კატარი) გაიმართება.