ლოზანა-2020-მა ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელებს უმასპინძლა

11 სექტემბერი 2019

2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ლოზანაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მისიის ხელმძღვანელებს უმასპინძლეს.

75 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 109 წარმომადგენელმა მოინახულა ზამთრის მომავალი მულტისპორტული ასპარეზობის ობიექტები, ასევე გაეცნენ ცხოვრების პირობებს, კვებას ოლიმპიურ სოფელში; მისიის ხელმძღვანელებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ გაუზიარებენ სპორტის ეროვნულ ფედერაციებს.

„ლოზანა-2020"-ის აღმასრულებელი დირექტორი იან ლოგანი აღნიშნავს, რომ მიმღები ქვეყნისთვის დიდი პატივია სტუმრებს გაუზიაროს ზამთრის თამაშების მოწყობის საკუთარი გამოცდილება: „ჩვენი მიზანია ოლიმპიური თამაშების უმაღლეს დონეზე ორგანიზება. გვინდა გავხდეთ ოლიმპიური მოძრაობისთვის ახალი იდეების გენერატორი. დარწმუნებული ვარ, მისიის ხელმძღვანელებთან ერთად მიზანს მივაღწევთ და ჩავატარებთ დასამახსოვრებელ შეჯიბრებებს."

საქართველოდან სემინარში მონაწილეობდა სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

ლოზანა ზამთრის III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2020 წლის 9-22 იანვარს. მასში მონაწილეობას მიიღებს 15-დან 18 წლამდე 1880 სპორტსმენი.