თუთაშვილმა და ლიპარტელიანმა ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს

12 სექტემბერი 2019

ფინეთის ვანტააში დაწყებულ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს წარმატებას მიაღწიეს საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებებმა.

ჩემპიონატის სტარტი წარმატებული გამოდგა გიორგი თუთაშვილისთვის (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანისთვის (57 კგ), რომლებმაც ყველა მეტოქე დაჯაბნეს და ჩემპიონობა მოიპოვეს.

თუთაშვილმა ოქროსკენ მიმავალ გზაზე წმინდა გამარჯვებები მოიპოვა სლოვენიელ, ლატვიელ, ჰოლანდიელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებზე, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოლდოველი ადილ ოსმანოვიც იპონით დაამარცხა.

ჩემპიონობის მოსაპოვებლად ოთხი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწია ეთერ ლიპარტელიანს. ჯერ ხორვატ, შემდეგ ჰოლანდიელ და გერმანელ მოწინააღმდეგეებს მოუგო, ფინალში კი იტალიელი სილვია პელიტერის გაუმკლავდა და ჩემპიონობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მომავალმა ჩემპიონმა ოთხივე ორთაბრძოლა ასევე იპონით მოიგო.