ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

14 სექტემბერი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ვანტაას (ფინეთი) ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე განსაკუთრებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა სამ - 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების სამი კომპლექტიდან ოთხი მედალი დაისაკუთრა. მათ შორის, სამი ოქროს მედალი!

საქართველოს ნაკრები 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას ორი ძიუდოისტით - ლაშა და მიხეილ ბექაურებით შეუდგა და ორივემ კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურა.

მოგვარეებიდან საუკეთესო შედეგი ლაშას აღმოაჩნდა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით იპონებით დაამარცხა ესტონელი, გერმანელი და რუსი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უნგრელ როლანდ გოზსაც იპონით გაუმკლავდა და ჩემპიონობა მოიპოვა.

მიხეილ ბეაქურმა საწყისი ორი შეხვედრა მოუგო ხორვატ და თურქ ძიუდოისტებს, მაგრამ მესამე წრეში მომავალ ფინალისტთან უნგრელ როლანდ გოზთან დამარცხდა და რეპეშაჟზე გადაერთო. მიხეილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი გამოიყენა. ჯერ იტალიელს, შემდეგ კი რუსეთის წარმომადგენელ მანსურ ლორსანოვს ვაზარით მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა იტალიელი, კოსოვოელი, ლატვიელი და უნგრელი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელი ევგენ ვეხერაზე წმინდა გამარჯვებით ჩემპიონობა მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატს პირველი ადგილით წერტილი დაუსვა მძიმე წონოსანმა გელა ზაალიშვილმა. მომავალმა ჩემპიონმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მოიგო ორთაბრძოლები ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინის და უნგრეთის წარმომადგენლებთან, ფინალში კი გერმანელ ერიკ აბრამოვს წმინდად მოუგო.

ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), მეორე დღეს ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ვერცხლი მოიპოვა ვლადიმირ ახალკაცმა (81 კგ), ხოლო ბრინჯაო მარიამ ჭანტურიამ (70 კგ).

6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში აშკარა უპირატესობით პირველი ადგილი დაიკავა.