საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 2 ოქროს, 1 ბრინჯაოს და 2 ოლიმპიური ლიცენზიით დაასრულა

17 სექტემბერი 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნურსულთანის მსოფლიოს ჩემპიონატი 2 ოქროს, 1 ბრინჯაოსა და 2 ოლიმპიური ლიცენზიით დაასრულა.

წლის უმთავრეს ასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ათივე - 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97, 130 წონით კატეგორიაში იასპარეზა. მათ შორის არაოლიმპიურ წონებში - 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ ჩემპიონობა მოიპოვეს, ხოლო ოლიმპიურ წონით კატეგორიებში, ამ შემთხვევაში კი 97 და 130 კგ წონებში ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს გიორგი მელიამ და იაკობ ქაჯაიამ.

მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა მელიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში მოიპოვა. თურქ ჩენკ ილდემთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველი ფალავანი 1:4 დამარცხდა, მაგრამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ესეც საკმარისი იყო.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ბრინჯაოს მედლით დააგვირგვინა მძიმე წონაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისა და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა იაკობ ქაჯაიამ. ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში ნორვეგიელი ოსკარ მავრიკი 5:1 დაამარცხა, შემდეგ რუმინელი ალინ ალექსუს ჩიურარიუს 9:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონ, თურქი რიზა კაიალპთან 1:5 წააგო და რეპეშაჟზე გაადერთო, სადაც ჯერ ჩილიელ იასმან აკოსტა ფერნანდეს 2:1 აჯობა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ედუარდ პოპს 5:0 გაუმკლავდა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ წონებში ექვსი შესაძლებლობიდან ორი შანსი გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ 60, 67, 77, 87, 97, 130 კგ წონებში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები თამაშდებოდა. ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი იყო თითოეულ წონაში ექვს საუკეთესოს შორის მოხვედრა.

ჩვენს მოჭიდავეებს წინ ელოდებათ 2 სალიცენზიო ტურნირი და, იმედია, დარჩენილ წონებში ოლიმპიური საგზურის მოპოვებას შეძლებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროსა, 1 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მესამე ადგილით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს ნაკრების შარშანდელი მიღწევა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარმა 2 ბრინჯაოს მედალი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოდან ბოლოს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დავით ბედინაძე (60 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ), ეს კი 12 წლის წინათ - 2007 წლის ბაქოს მსოფლიოსჩემპიონატზე მოხდა.

19 სექტემბრიდან ასპარეობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველო აქაც ათივე - 57, 61, 65, 70, 74, 79, 86, 92, 97 და 125 კგ წონაში იქნება წარმოდგენილი, აქედან ექვსში (57, 65, 74, 86, 97, 125) გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.