რეზი დავითაძემ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

23 სექტემბერი 2019

პატაიაში (ტაილანდი) მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრების წარმატების ჯერი დადგა.

არაოლიმპიურ 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეზი დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (166, 169, 172) გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. 21 წლის ძალოსანი მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო აკვრაშიც - პირველივე მისვლაზე 199 კილოგრამი დაიმორჩილა, მაგრამ შემდგომი ორი ცდა გააცუდა და სამეულს მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, რეზი დავითაძემ მთავარი მაინც შეძლო, ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 89 კგ წონაში გამარჯვებულებს და პრიზიორებს მედლები გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

აღსანიშნავია, რომ რეზიმ 2018 წლის აშხაბადის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ეს მაშინაც 371 კილოგრამით შეძლო. სხვაობა ის არის, რომ ამჯერად ორჭიდში ბრინჯაოს მედალს წინ უძღოდა ატაცში ჩემპიონობა.

რეზი დავითაძე წლეულს ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში მეორე იყო, შარშან კი ჩემპიონობა იზეიმა. ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ მისი სახით საქართველოს ნაკრებს სტაბილური მედალოსანი ჰყავს.

24 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების კომპლექტი გათამაშდება ოლიმპიურ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის და მედლებისთვის საქართველოდან იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ანტონ პლესნოი.