ანტონ პლესნოიმ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო და ბრინჯაო შემატა

24 სექტემბერი 2019

პატაიას (ტაილანდი) მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მონაგარი ორი მედლით შეივსო. წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე ამჯერად  წარმატებით გამოვიდა ანტონ პლესნოი (96 კგ).

ბათუმის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა პლესნოიმ ატაცში  სამივე წონა - 172, 177 და 181 კგ დაძლია და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. სამეულთან ახლოს იყო აკვრაშიც, სადაც ასევე სამივე ცდა გამოიყენა (203, 209, 213), მაგრამ მეოთხე შედეგი აღმოაჩნდა. აი, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 394 კილოგრამი კი საკმარისი გამოდგა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად.

აღსანიშნავია, რომ ატაცში დაფიქსირებული წონა 8 კილოგრამით, აკვრაში - 9, ხოლო ხოლო ორჭიდის ჯამში 17 კილოგრამით აღემატება წლეულს ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე მის მიერ დაძლეულ წონებს, რაც მის აშკარა პროგრესზე მიუთითებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისკენ მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა - 96 კილოგრამ წონითი კატეგორია სწორედ ოლიმპიური წონაა.

ერთი დღით ადრე ატაცში ოქროს და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა რეზი დავითაძემ (89 კგ).