ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატი მსოფლიოს სამი რეკორდით მოიგო

27 სექტემბერი 2019

პატაიას (ტაილანდი) ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ოქროს მედლები მოიხვეჭა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ატაცში, აკვრაში და ორჭიდში სხვათათვის უკვე მეოთხედ აღმოჩნდა მიუწვდომელი. ტიტულიანმა ქართველმა ძალოსანმა თავი მსოფლიო რეკორდებითაც გამოიჩინა.

ლაშა ტალახაძემ საწყის დისციპლინაში - ატაცში 208 და 215 კილოგრამი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიმორჩილა, მესამე ცდაზე კი მის მიერვე ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი (218 კგ) გააუმჯობესა - 220.

ლაშამ საჩემპიონო სვლა გააგრძელა აკვრაშიც, სადაც ჯერ 247 და 255 კილოგრამი აკრა, მესამე ცდაზე კი  ასევე ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე დამყარებულ მსოფლიოს მიღწევას 4 კილოგრამით გადააჭარბა - 264 კგ.

მსოფლიოს რეკორდია დამყარებული ორჭიდის ჯამშიც - 484 კგ. ტალახაძემ აქაც ბათუმის ფიცარნაგზე დამყარებული თავისივე რეკორდი (478 კგ) გააუმჯობესა და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!

აღსანიშნავია, რომ ლაშას შესაბამისი სარეკორდო წონები საქართველოს ჩემპიონატებზეც აქვს დაძლეული (ატაცში წლეულს, აკვრაში - შარშან), მაგრამ ვინაიდან შიდა პირველობა საერთაშორისო სტატუსით არ სარგებლობს, ის წონები ოქმში შეტანილია, როგორც შედეგები, რომლებიც აღემატება მსოფლიოს რეკორდებს.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით და ვაჟთა გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. მათ შორის ოქროს და ბრინჯაოს მედლები ატაცსა და ორჭიდში მოიპოვა რეზი დავითაძემ (89 კგ), ასევე ატაცსა და ორჭიდში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა ანტონ პლესნოიმ (96 კგ). დავითაძემ წარმატებას არაოლიმპიურ წონაში მიაღწია, პლესნოისა და ტალახაძის შემთხვევაში კი ოლიმპიურ წონებთან გვაქვს საქმე.

„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ წარმატებული და მზარდი ფედერაცია. ამის ერთ-ერთი მაგალითია პატაიაში მიღწეული შედეგები. 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, რაც დიდი მიღწევაა. ყოველივე შესაძლებელი გახდა მწვრთნელთა და სპორტსმენთა დიდი ძალისხმევით, დაუღალავი შრომით და დისციპლინით. გაისად, გაზაფხულზე მოსკოვის ევროპის ჩემპიონატი მოგველის, ზაფხულში კი - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომლის ლიცენზიებისთვის ბრძოლაც გრძელდება," - განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.