თომას ბახი რუსეთის მიმართ WADA-ს მიერ დაწყებულ გამოძებას სრულად ენდობა

28 სექტემბერი 2019

რუსეთის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულირებაშია ეჭვმიტანილი, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC სრულად ენდობა WADA-ს და პატივს სცემს მის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

რამდენიმე დღის წინ WADA-მ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) მიმართ მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსთან შესაბამისობის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა წლის დასაწყისში WADA-ში გაგზავნილი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები, რომლებიც შესაძლოა გაყალბებული იყოს.

რუსეთს მოსკოვის ლაბორატორიასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გასაცემად სამ კვირაზე ნაკლები დრო აქვს. WADA-ს ექსპერტები ახსნა-განმარტებებს 23 ოქტომბერს განიხილავენ.

„რუსეთის მიმართ გაჩენილი ახალი ეჭვები WADA-ს ხელშია, რომელიც ახლა RUSADA-ს ახსნა-განმარტებებს ელოდება. IOC სრულიად ენდობა WADA-ს  და პატივს სცემს მუშაობის ახალ წესებს.  სპეკულირებას ვერ დავიწყებ იმაზე, თუ რა განაჩენს გამოიტანს WADA რუსული მხარის მიმართ," - დოჰაში, მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოფნისას განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.