IOC ტრანსგენდერ სპორტსმენებთან მუშაობის სამოქმედო გეგმას ამუშავებს

29 სექტემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, IOC ტრანსგენდერ სპორტსმენებთან მუშაობის სამოქმედო გეგმას ამუშავებს.

ჩვენ პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა ვიყოთ. ეს არის IOC-ის უმთავრესი ამოცანა, რათა პოლიტიკური კუთხით ადგილი არ ჰქონდეს არანაირ დისკრიმინაციას. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პოლიტიკას, მაგრამ იმავდროულად უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები და სპორტზე პოლიტიკის გავლენისგან თავისუფლები. მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ტრანსგენდერ სპორტსმენთა საკითხი. ყოველივე გაკეთდა როგორც ადამიანური, ისე მეცნიერული მოსაზრებით. ჩვენ დღეს უკვე ვამუშავებთ ასეთ ათლეტებთან მუშაობის სამოქმედო გეგმას. ეს გეგმები დაეგზავნება ყველა ფედერაციას," - განაცხადა თომას ბახმა.

IAAF-ის ახალი წესებით, მაღალი ტესტოსტერონის მქონე (ქალმა) სპორტსმენებმა ხელოვნურად უნდა შეიმცირონ მისი დონე (ქალის ტესტოსტერონის განსაზღვრულ დონემდე). სწორედ ახალი წესების თანახმად, რომელიც ძალაში წლეულს 8 მაისს შევიდა, პარასკევს დოჰაში დაწყებული მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს 800 მეტრზე რბენაში ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის  ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკელი კასტერ სემენია.