ტოკიო-2020-ის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას იაპონიაში ნახევარ მილიონზე მეტი მსურველი ჰყავს

30 სექტემბერი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის თანამემამულე მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულეს.

წლეულს, ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული, ყველა 47 პრეფექტურიდან მიიღეს 535 717 განაცხადი, რაც ესტაფეტაში მონაწილეთა აუცილებელ რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იაპინიის ყველა პრეფექტურა, ასევე ესტაფეტის პარტნიორი კომპანიები შეადგენენ კანდიდატთა სიას და გადააგზავნიან ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში, რომელიც თავის მხრივ 10 ათას მეჩირაღდნეს აარჩევს: ქალებს, კაცებს და სხვადასხვა ასაკისა თუ ეროვნების ბავშვებს. იღბლიანთა ვინაობა დეკემბერში გაცხადდება.

ოლიმპიური ჩირაღდნისთვის ცეცხლი დაინთება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთში ერთ კვირას დაჰყოფს, 20 მარტს იაპონიაში ჩაიტანენ, 26 მარტიდან კი სტარტს აიღებს ესტაფეტა და იაპონიის ყველა პრეფექტურას ეწვევა, მათ შორის - 2011 წელს ცუნამით დაზარალებულ ფუკუსიმას.